ანა ნაცვლიშვილი - გაქვთ იმედი, რომ „კლანი“ არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სასტიკი სამსჯავრო, თქვენი შვილების სამსჯავრო, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველი ხალხის ღალატისთვის
გაქვთ იმედი, რომ „კლანი“ არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, – ასე მიმართა პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ნაცვლიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, პარლამენტთან შეიკრიბონ და დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი.
„მინდა, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და მოგიწოდოთ, გამოდით დღეს პარლამენტთან, „გავრილოვის უმრავლესობა“ აპირებს, მიიღოს რუსული კანონი, ქართულად დაწერილი. დემოკრატიულ კანონებს არ სჭირდება ძალადობა. დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ საკუთარ ახალგაზრდებს. გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს? ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო „კლანის“, რომელიც სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ. კი გაქვთ იმედი, რომ „კლანი“ არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით – გელოდებათ თქვენი შვილების სამსჯავრო, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველი ხალხის ღალატისთვის. თქვენს შვილებს პასუხს ვერ გასცემთ და თვალებში ვერ ჩახედავთ. ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მათ შორის, დავიცავთ თქვენი და ყველას შვილებისთვის, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი, გავრილოვებო“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.