ანა ნაცვლიშვილი - ფემიციდთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა არ არის საკმარისი, მათი მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც საკითხს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს
ფემიციდთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა არ არის საკმარისი, მათი მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც საკითხს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, სექსუალური ძალადობა და მისი უმძიმესი ფორმა — გაუპატიურება საქართველოს კანონმდებლობაში არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დააწესა.
ამასთან, ნაცვლიშვილი მამაკაც პოლიტიკოსებს მოუწოდებს, აღიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ.
„ქალი დეპუტატები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას ვუერთდებით. შემაშფოთებელია, რომ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგაც შემაშფოთებელი რეალობის წინაშე ვდგავართ, ფემიციდის შემაძრწუნებელი შემთხვევები გვაქვს — ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ასობით შემთხვევაა და ჯერ კიდევ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი პოლიტიკური რანგის დონეზე დაყენებული საკითხი ფემიციდთან ბრძოლის ნაწილში.
მიგვაჩნია, რომ ფემიციდთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა არ არის საკმარისი. მათი მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც საკითხს არ აქვს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა. მამაკაც პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, აღიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის როლიც, რადგან დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე, 21-ე საუკუნეში სექსუალური ძალადობა და მისი უმძიმესი ფორმა — გაუპატიურება საქართველოს კანონმდებლობაში არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დააწესა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სისტემა წინააღმდეგობას უწევს, რომ ცივილიზებული, სამართლიანი და ამ დანაშაულის სათანადო განმარტება იყოს შემოტანილი კანონში. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადადგას ეს ნაბიჯი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.