ანა ნაცვლიშვილი - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მწვავედ და კრიტიკულად არის შეფასებული
ეუთო-ს ადამიანის უფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის რიგით მეორე დასკვნაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ და კრიტიკულად არის შეფასებული, – ამის შესახებ ლელოს წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას შეეხება.
„ჩვენ პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანონპროექტი მზადდებოდა პარლამენტში, ვაკრიტიკებდით. ვხედავდით, რომ ეს პროცესი იყო სრული ფარსი და არ ემსახურებოდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრებით, არამედ ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცოს და ჯიბეში ჩაიდოს საქართველოში სასამართლოს უზენაესი და ბოლო ინსტანცია. „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, ჩვენ ორად-ორი რამ მივიღეთ – ვერ მივიღეთ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უვადოდ გამწესებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ახლა უკვე უზენაეს სასამართლოში. ეუთო-ს გარდა, შეგახსენებთ, რომ არ დარჩა არცერთი საერთაშორისო ინსტიტუცია – ევროსაბჭო, ევროკავშირი, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც არ გაეკეთებინოს მწვავე და კრიტიკული განცხადება ამ პროცესთან მიმართებაში. რაც ყველაზე უფრო ნიშანდობლივია და რაზეც ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, არის ჩანაწერი ამ დასკვნაში, რომელიც ამბობს, რომ პროცესი არ იყო დაცული პოლიტიკური ზეგავლენისგან და ხელისუფლების ნება, რომ დაეკომპლექტებინა სათანადოდ უზენაესი სასამართლო, დადგა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ეუთო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართალია მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იყო საჯარო და ღია, მაგრამ თავად კენჭისყრის პროცედურები გახლდათ დახურული და გადაწყვეტილებები იყო დაუსაბუთებული.
ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული გარემოება თავისთავად აზრს უკარგავს პროცესის ღიაობას, რადგან ეს არ არის რეალური გამჭვირვალობა.
„ასევე, მკაცრად არის გაკრიტიკებული, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ იყო თავიდან აცილებული, რომ გასაჩივრების უფლებით არ იყვნენ კანდიდატები უზრუნველყოფილი, რომ დასმული კითხვების დროს გამოიკვეთა ცალსახა მიკერძოება, როდესაც მაგალითად, მმართველი პარტიის წარმომადგენლისთვის კანდიდატი იყო მისაღები, ისინი ცალსახად გამოხატავდნენ მხარდაჭერას და ასე შემდეგ. ასევე, შეფასებულია პროცესები არა მარტო პარლამენტის შიგნით, არამედ გარეთ, პროცესის პარალელურად არსებული დაძაბულობა. ფაქტობრივად, უპრეცედენტო რამ ვიხილეთ; მსოფლიო ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს, როდესაც პიკეტირების რეჟიმში მყოფმა, თავდაცვის რეჟიმში, პოლიციის კორდონით გარშემორტყმულმა პარლამენტმა აირჩია ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყანაში სამართალი უნდა განაგონ. ეს ანგარიში იძლევა იმის სრულ ლეგიტიმურ საფუძველს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლო სისტემა სრულად გაიწმინდოს კლანისგან და საქართველოს რეალურად ჰქონდეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.