ანა ნაცვლიშვილი - ჩვენთვის ამოცანა არ არის ვინმეს პარლამენტში შესვლა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი განიმუხტოს
„გირჩმა“ გააჟღერა სურვილი, რომ გვქონდეს შეხვედრები, თუ ვინმეს აქვს საუბრის და შეხვედრის სურვილი, კარს არავის ვუხურავთ. მიუხედავად იმისა, რაიმე იდეას ვიწონებთ თუ არა, საუბრის პრობლემა არ არის, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ცალ-ცალკე სხვადასხვა წინადადების განხილვა არ უნდა მოხდეს.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი, თუ გამოსავლის ძიების გზები, მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შემუშავებულია და რომელიც არსებობდა წინა წელსაც, ეს არის საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატი. არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს სხვადასხვა წინადადების, რაც არ უნდა იყოს, განხილვა. თუ აქვთ საუბრის სურვილი, ოპოზიციური ფორმატი მზად არის, მოისმინოს ნებისმიერი წინადადება, საუბარზე უარის თქმა არ მიმაჩნია სწორად. ასევე, არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები მაშინ, როდესაც გაცხადებულია, რა არის მათი წინადადება. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებაზე თუ მოხდება განხილვა, არსებულ ფორმატში უნდა მოხდეს“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
როგორც „ლელო საქართველოსთვის“ წევრი აცხადებს, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე წინადადებები „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიტანოს.
„ხაზგასმით უნდა ვთქვა ერთი რამ – ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და ამაზე საუბრის საჯარო სივრცეში გადატანა მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციაზე. ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური კრიზისია. ეს პოლიტიკური კრიზისი შექმნა „ქართულმა ოცნებამ“.
„ქართული ოცნება“ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიტანოს მეხუთე რაუნდზე წინადადება. ამ სიტუაციაში აქცენტის „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციაზე გადატანა და ამაში ხელშეწყობა, არ მიმაჩნია, რომ ხელს შეუწყობს კრიზისის განმუხტვას, ან რაიმე პოზიტიურ ეფექტს იქონიებს. ჩვენთვის ამოცანა ის კი არ არის, ვინმე პარლამენტში შევიდეს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური პროცესი, რომ შევძლოთ მუშაობა. თუ „ქართული ოცნება“, როგორც კრიზისის მთავარი შემქმნელი და როგორც მმართველი პარტია, რომელსაც აქვს შესაბამისი ბერკეტები, თუ არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯს, ქვეყანა დარჩება პოლიტიკურ ჩიხში, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.