ანა ნაცვლიშვილი - ჩემთვის უფრო მძიმე იყო ლევან ხაბეიშვილის კომენტარი, სადაც თქვა, რომ კომისია ასეთი მნიშვნელოვანი არ არის, უპასუხისმგებლობაა, როცა ბოლო წუთს ვიგებთ ასეთ ამბავს
ძალიან სამწუხაროა, რომ მოვლენები ასე განვითარდა, ორგანიზატორებმა ყველა ზომას მიმართეს, რომ მაქსიმალური კოორდინაცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ძალიან უპასუხისმგებლობაა, როცა ბოლო წუთს ვიგებთ ასეთ ამბავს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი იყო ლევან ხაბეიშვილის კომენტარი.
„ჩემთვის უფრო მძიმე იყო ლევან ხაბეიშვილის კომენტარი, სადაც თქვა, რომ კომისია ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. ეს კომისია არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ ფორმატში უნდა მოხდეს სასამართლოში კლანური მმართველობის გამოკვლევა. კლანი ამ და წინა ხელისუფლების პირმშოა და ორივეს დროს როგორ აშენდა ეს მახინჯი სისტემა, ამის გარკვევა უნდა მოხდეს. იმედია, ეს კომისია შეიქმნება. ბოლომდე ვიქნებით მხარდამჭერი. იმედია, ოპოზიციის შიგნიდან ტექნიკური თუ სხვა მიზეზების გამო არ შეიქმნება გართულებები, რადგან ამ კომისიამ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მახინჯი სისტემა უნდა გამოიკვლიოს, რომლის დიაგნოსტირების და ცვლილებების გარეშე რეალურ სიახლეს და ხელისუფლების ცვლილებას ვერ მოვიტანთ. ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლოს თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ იყოს მიღწეული. მოქმედი სქემა აღარ უნდა იყოს დაშვებული საქართველოს სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა ნაცვიშვილმა.
ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.