ანა ნაცვლიშვილი - არ ვაპირებთ, ავყვეთ იუსტიციის მინისტრს პოლიტიკურ კინკლაობაში
არ ვაპირებთ, ავყვეთ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პოლიტიკურ კინკლაობაში და დავკარგოთ ძირითადი ფოკუსი, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, იუსტიციის მინისტრის განცხადების მიზანია, ჩაშალოს და ხელი შეუშალოს ფართო, გამჭირვალე პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად მიმდინარეობს.
„არ ვაპირებთ, მას ავყვეთ ამ პოლიტიკურ კინკლაობაში და დავკარგოთ ძირითადი ფოკუსი. ჩვენი მიზანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, დავხარჯოთ დრო და ენერგია ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატის მოსაძებნად. მინისტრის ეს განცხადებები ვერ აგვაღებინებს ხელს იმ სახელმწიფოებრივ მოქმედებებზე, რომელიც არის ჩვენი საქმე ამ კონკრეტულ მოცემულობაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შესთავაზა, თავისი მაშინდელი გადაწყვეტილება შეაფასოს.