თეა წულუკიანი - მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, შეაფასოს, იყო თუ არა სწორი ნინო გვენეტაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ
თეა წულუკიანი - მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, შეაფასოს, იყო თუ არა სწორი ნინო გვენეტაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ

საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ნინო გვენეტაძე თავის დროზე პარლამენტს შესთავაზა, ვიდრე არ შეაფასებს მისივე გადაწყვეტილებას და არ გვეტყვის, რა იყო ამაში კარგი, ან რა იყო ნაკლოვანი, ზედაპირული მეჩვენება მისგან საუბარი, რა უნდა იყოს მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანმა გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, შეაფასოს მაშინდელი გადაწყვეტილება, როდესაც ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარადგინა, იყო თუ არა სწორი.

„საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მე არ მჩვევია, როდესაც ფართო კონსულტაციების შედეგად, ყველასთან შეთანხმებით დავდგები მედიის წინაშე და განვაცხადებ – წარმოგიდგენთ კანდიდატურას და შემდეგ როდესაც ეს ადამიანი გადადგება, მას რამდენიმე საათში უკან დავაწიო ქვა. ეს არ არის ჩემი მიდგომა. ჩემი მიდგომა არის სხვანაირი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მის თანამშრომლებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ პარლამენტს შესთავაზეს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, შეაფასონ მაშინდელი გადაწყვეტილება და გვითხრან საზოგადოებასაც და მეც, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი, რატომ იკავებენ თავს შეფასებისგან, რაც იყო დღემდე და რას აპირებენ მომავალში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია,  რა ნაკლი ჰქონდა ნინო გვენეტაძის წარდგენის გადაწყვეტილებას.

„ქალბატონი ნინო, როგორც იცით, ძალიან ბევრ პრობლემას იყო შეჭიდებული და საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ იყო საქმის კურსში, თუ რა გამოწვევები ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მუშაობის დროს. მე, პირველ რიგში, ველოდებოდი და დღემდე ველოდები პრეზიდენტის შეფასებას, როგორ აფასებს ის მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მის გადაწყვეტილებას, იმ კონსულტაციებს, რომელიც თავის დროზე გამართა, ჰქონდა თუ არ ამ კონსულტაციებს ნაკლი, იყო თუ არა ისეთი ვინმე, ინსტიტუტი, ან ადამიანი, რომელიც მაშინ არ იყო კონსულტაციებში ჩართული და ასე შემდეგ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.