ანა ნაცვლიშვილი - ანრი ოხანაშვილმა რაც არ უნდა ოლიგარქების რეესტრი შექმნას, ეს ვერ მოიტანს სახელმწიფო ინსტიტუტების გათავისუფლებას არაკონსტიტუციური ჩრდილოვანი მმართველობიდან
ანრი ოხანაშვილმა რაც არ უნდა ოლიგარქების რეესტრი შექმნას, ეს ვერ მოიტანს სახელმწიფო ინსტიტუტების გათავისუფლებას არაკონსტიტუციური ჩრდილოვანი მმართველობიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„მართალია, „ქართული ოცნება“ თავის სიტყვას თვითონ ხშირად გადადის, მაგრამ ახლა არის ტესტი, მათ სიტყვას ამომრჩევლის თვალში აქვს თუ არა რაიმე ფასი. ისინი ხომ თავის ამომრჩეველს ესაუბრებიან. ამომრჩეველს „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ უთხრა, რომ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ უკრაინულ მოდელზე კომისიის მოსაზრებას დაელოდებოდნენ. ამომრჩეველს ამას დაჰპირდა „ქართული ოცნება“, ამიტომ ახლა არის ტესტი, მიაყენებს თუ არა შეურაცხყოფას ამომრჩეველს, მოატყუებს თუ არა, ამ დაპირებას წაიღებს თუ არა უკან.
ოლივერ ვარჰეიმ გუშინ პარლამენტში მკაფიოდ თქვა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის კანონზე, რომ სწორი მიდგომაა, რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ყველა პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და არა მხოლოდ გავგზავნოთ, არამედ დაველოდოთ, გავითვალისწინოთ მათი რჩევები. ამიტომ ახლა ბატონ ვარჰეისაც მიაყენებენ თუ არა შეურაცხყოფას, ეს ტესტიც არის დღეს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, ოლიგარქიული არაკონსტიტუციური არაფორმალური მმართველობის პრობლემა ამ ქვეყანაში არ არის იმ მცირე მასშტაბის პრობლემა, რომლის აღმოფხვრაც შეიძლება ერთი საკანონმდებლო აქტით და „რაღაც გაუგებარი რეესტრით, რომელზეც ორი თვეა, ლაპარაკობს ანრი ოხანაშვილი და ვერავინ გაიგო ამ რეესტრის შინაარსი“.
მისივე თქმით, არაკონსტიტუციური ოლიგარქიული მმართველობის პრობლემა არის სისტემური პრობლემა და რაც არ უნდა ოლიგარქების რეესტრი შექმნას ანრი ოხანაშვილმა, ეს ვერ მოიტანს სახელმწიფო ინსტიტუტების გათავისუფლებას არაკონსტიტუციური ჩრდილოვანი მმართველობიდან.
„ევროკავშირის მოლოდინი საქართველოს მიმართ არის ის, რომ არაკონსტიტუციური ჩრდილოვანი კულისებიდან სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მართვა დასრულდება. ეს უნდა იყოს შედეგი. ევროკავშირი არ შეაფასებს, საკანონმდებლო აქტი არის თუ არა მიღებული, ევროკავშირი შეაფასებს, შედეგი დადგა თუ არა. ის, რომ საქართველოში არაკონსტიტუციური არაფორმალური მმართველობა აღარ არის, საკანონმდებლო აქტი არ გახდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ეს თქვა გუშინ ზუსტად ოლივერ ვარჰეიმ. თქვა, რომ უნდა გატარდეს სიღრმისეული რეფორმები და რაც ჩაიწერება კანონებში, უნდა ვნახოთ ის პრაქტიკაში, რომ დებს იმ შედეგს, რაც რეკომენდაციებში წერია. ეს არის ფორმულა, რომლითაც ქვეყანამ უნდა იაროს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.