ანა ნაცვლიშვილი - 80-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც რუსეთში გამოსცადეს დრაკონული კანონის შედეგები, მოგვმართა წერილით და გვთხოვა, ქართული საზოგადოებისთვის გაგვეცნო
„ლელოს“ წევრის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, რუსეთის 80-ზე მეტმა მოქალაქემ და აქტივისტმა „ლელოს“ წევრებს წერილით მიმართა და ამ წერილის ქართული საზოგადოებისთვის გაცნობა სთხოვა.
„ეს წერილი გამომიგზავნეს და მთხოვეს, ქართული საზოგადოებისთვის გამეცნო. ეს არის წერილი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ქართველი ხალხის უზარმაზარი მცდელობით იყო ჩაგდებული პარლამენტის მიერ, მაგრამ რომელსაც მხარს უჭერდა „ქართული ოცნება“ და ამ კანონპროექტზე დღემდე საუბრობს. 80-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც პირადად გამოსცადეს რუსეთში ამ დრაკონული კანონის შედეგები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს რუსეთში ვეღარ ცხოვრობს, სწორედ ამ დრაკონული კანონის მეშვეობით პუტინის რეჟიმმა ისინი საკუთარი სამშობლოდან გააძევა. ვინც ვერ მოკლა და ვერ მოწამლა, ამ კანონით გააძევა და ისინი დეტალურად ჰყვებიან, რომ როდესაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდა რუსეთში, ზუსტად იგივე იყო არგუმენტი, თითქოს ეს იყო ამერიკული კანონი და აქ ნათლად წერია, რომ ამერიკულთან რუსულ კანონს მხოლოდ სახელი ჰქონდა საერთო, სხვა არაფერი. ასევე წერია, რომ ის კანონპროექტი, რომელიც საქართველოში იხილებოდა, რუსული კანონის ანალოგი იყო, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა დამანგრეველი შედეგების მქონე იყო რუსეთში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უნდიდათ, თავისი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე გაეყვანათ. ეს წერილი ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობის იყო ის გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა ერთიანი ძალისხმევით მოიპოვა და რამდენად მზაკვრული და მავნებლური იყო „ქართული ოცნების“ განზრახვა, რომ საქართვრლოში რუსული კანონი ყოფილიყო მიღებული გამჭვირვალობის მოტივით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.