ანა ნაცვლიშვილი - 5 ივლისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო დღეა და ეს ლაქა არ არის ჩამორეცხილი მართლმსაჯულების განხორციელებით
ანა ნაცვლიშვილი - 5 ივლისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო დღეა და ეს ლაქა არ არის ჩამორეცხილი მართლმსაჯულების განხორციელებით

5 ივლისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო დღეა და ეს ლაქა არ არის ჩამორეცხილი მართლმსაჯულების განხორციელებით, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს მართლმსაჯულება არ ხორციელდება იმისთვის, რომ გამოიკვეთოს უმძიმესი დანაშაულის წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული სახე, რომელსაც პირდაპირი ბმა აქვს თანამდებობის პირებთან.

„5 ივლისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო დღეა და ეს ლაქა არ არის ჩამორეცხილი მართლმსაჯულების განხორციელებით. ამის თქმა დღეს ფაქტებზე დაყრდნობით შესაძლებელია, რადგან ის პროცესები, რომლებიც 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულების საპასუხოდ განხორციელდა, ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც არის სავალდებულო ამ ქვეყნის კონსტიტუციით. მეტსაც გეტყვით, მთავარი წამქეზებელი დღესაც რჩება პრემიერ-მინისტრად. ჩემი ინფორმაციით, ეს საქმე არის გასაჩივრებული სტრასბურგის სასამართლოში და ნიშანდობლივია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სვამს კითხვას, სახელმწიფოს წინაშე წაახალისა თუ არა უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერის მხრიდან გაკეთებულმა ღია მოწოდებებმა დილით, რამდენიმე საათის დატრიალებული ძალადობა რუსთაველზე. ამ კითხვის დასმა სასამართლოს მხრიდან უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობა ვერ და არ განხორციელდებოდა. დღემდე მართლმსაჯულება რომ მხოლოდ შაბლონურად ხორციელდება, ხორციელდება იმ დოზით, რომ სათქმელი ჰქონდეთ, აი, დავაკავეთ ადამიანები და არ ხორციელდება იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ამ უმძიმესი დანაშაულის წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული სახე, რომელსაც პირდაპირი ბმა აქვს პირდაპირი თანამდებობის პირებთან. ესეც ადასტურებს, რომ ეს იყო სახელმწიფოს მითითებით და ხელდასმით გაკეთებული ძალადობა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვინახავს, როგორ სწრაფად ახერხებს ხოლმე მართლმსაჯულება ადამიანების ციხეში გაგზავნას, როცა ეს ხელისუფლების ინტერესში ჯდება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.