ანა მიქელაძე - მეორე ტური არჩევნების შედეგების შეჯამებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე ინიშნება
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა პირდაპირ არის მიბმული კანონმდებლობით გაწერილ პროცედურებთან, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს 8 ნოემბრამდე ჰქონდათ განსაზღვრული ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა, თუმცა მათ გუშინ დაასრულეს საქმიანობა და პირველი ტურის არჩევნების შედეგები შეაჯამეს.
„კანონმდებლობის თანახმად, ახლა არის პროცედურები, როდესაც შესაძლებელია გასაჩივრდეს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები. გასაჩივრებას კი, აქვს შესაბამისი ვადები. მას შემდეგ, როდესაც დასრულდება ყველა საკანონმდებლო ვადა, ცესკო გამართავს სხდომას, რომელზეც არჩევნების შედეგები შეჯამდება. ამისთვის ბოლო ვადა 17 ნოემბერია. მეორე ტურის თარიღი დაინიშნება მას შემდეგ, რაც ცესკო შეაჯამებს არჩევნების შედეგებს. მეორე ტური კანონმდებლობის თანახმად, შედეგების შეჯამებიდან ზუსტად ორი კვირის თავზე ინიშნება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ და დააზუსტა, რომ შედეგების შეჯამების ვადა მოძრავია და შესაბამისად წინასწარ არასწორია თქმა, როდის იქნება მეორე ტური.
ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტებით, კანონში არჩევნების პირველი ტურისთვის პირდაპირაა განსაზღვრული, რომ კენჭისყრის დღე უნდა იყოს კვირა. მეორე ტურთან დაკავშირებით კი, მსგავსი საკანონმდებლო ჩანაწერი არ არსებობს, მხოლოდ მითითებულია, რომ მეორე ტურის თარიღი უნდა იყოს შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის თავზე.