ანა მიქელაძე - გადასატანი ყუთიდან ბიულეტენები ითვლება საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა გადასატანი ყუთით ხმის მიცემისა და ბიულეტენების დათვლის პროცედურები. ამის შესახებ ანა მიქელაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„პროცედურას განგიმარტავთ. გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, გადასატანი ყუთი ბრუნდება საარჩევნო უბანზე და მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, უბანზე არსებულ საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად ითვლება გადასატანი ყუთის ბიულეტენებიც. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია საიდან და რატომ გავრცელდა, რა თქმა უნდა, ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ხმის მიცემის პროცესი არის ფარული, აღნიშნული ბიულეტენები დაითვლება საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქჩართვაში განაცხადა, რომ ინფორმაციას ფლობს აჭარაში ერთ-ერთი გადასატანი ყუთის მონაცემების შესახებ. მისი თქმით, აღნიშნულ უბანზე გრიგოლ ვაშაძე დიდი უპირატესობით იმარჯვებს.