ანა ლიურმანი - მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ვიცოდი, რომ საქართველო იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას ვგრძნობ. შესაფერისი დროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ყოველთვის შეგიძლიათ, გერმანიის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩოს საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
„როგორც იცით, ევროკავშირისკენ მიმავალი პროცესი მკაცრი კრიტერიუმებით მიმდინარეობს და მოგიწოდებთ, დაუღალავად იმუშაოთ აუცილებელ რეფორმებზე, რათა კომისიას მისცეთ კარგი საფუძველი, დადებითად შეაფასოს საქართველოს პროგრესი მომავალ ანგარიშში. საუბარია სასამართლო სისტემაზე, მედიაზე, საარჩევნო რეფორმაზე, ეს არის სამუშაო მთავრობისთვის, მაგრამ ასევე ეს არის ერთად შესასრულებელი სამუშაო, როგორც საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, პარტიული ხაზის მიღმა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, ევროკავშირის წევრობა არ არის მთავრობების ევროკავშირში შესვლა და არც ქვეყნების ევროკავშირში შესვლაა, ეს არის საზოგადოებების გაწევრიანება ევროკავშირში. მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. თქვენ უკვე შეიტანეთ დიდი წვლილი ევროპულ ცივილიზაციაში. გავიგე, რომ ღვინო რეალურად აქ, ამ ქვეყანაში შეიქმნა. ეს დიდი წვლილია ევროპისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანთ“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.