16-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ყოფილი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა და მომღერალი ენრიკე იგლესიასი მშობლები გახდნენ.
17 დეკემბერს, მაიამიში 36 წლის კურნიკოვამ ტყუპები გააჩინა – ბიჭი და გოგონა, რომლებსაც ნიკოლასი და ლუსი დაარქვეს. ამის შესახებ პორტალი tmz.com წერს.
2017 წელს, რუსი ჩოგბურთელი თითქმის არ ჩნდებოდა ხალხში, ამიტომაც, მისი მშობიარობა ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. კურნიკოვას ბოლო ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, 2016 წლის ნოემბრით იყო დათარიღებული.
კურნიკოვა და იგლესიასი 2001 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. რუსმა ჩოგბურთის თამაშს 2003 წელს დაანება თავი. მას ერთეულებში არც ერთი ტურნირი არ მოუგია, ყველაზე მაღალი ადგილი (მერვე) რეიტინგში 2000 წელს ეკავა. წყვილებში კურნიკოვას WTA-ის 16 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობა მარტინა ჰინგისთან ერთად.