ანა ფოტიგა - საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რა წერია კანონში, ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, ისინი კანონს აპროტესტებენ
საქმე მხოლოდ იმაში არ არის, თუ რა წერია „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, საქმე ეხება პროცესს. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს და ისინი მას მასობრივად აპროტესტებენ, შესაბამისად, ჩვენ ხალხს ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან – ვიოლა ფონ კრამონთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან და პარტია „ახლის“ ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ეს კანონი არის იმ ქმედებების ასლი, რომლებიც კრემლმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში განახორციელა“.
„გასულ წელს საქართველოში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ. ეს კანონი ასლია იმ ქმედებების, რომლებიც მანამდე კრემლმა განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირობებში, არსებობს კონსოლიდაცია კოლექტიურ დასავლეთში, არამხოლოდ ევროპაში, უკრაინის მხარდასაჭერად და ავტორიტარული გავლენის გამოსააშკარავებლად დასავლეთში. საქმე არ არის მხოლოდ იმაში, რა წერია კანონში, საქმე ეხება პროცესს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს და ისინი მას მასობრივად აპროტესტებენ, შესაბამისად, მათ მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.