ანა ფოტიგა - ჩვენი მიზანია, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც საქართველოს პატრიოტების წინააღმდეგ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი
ჩვენი მიზანია, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც საქართველოს პატრიოტების წინააღმდეგ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი, – სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.
„დიდი მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს ამ რეზოლუციაზე შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და ღირებული კონტრიბუციისთვის ფინალური ტექსტის მომზადებაში, რომელსაც, ვიმედოვნებ, რომ კენჭს დადებითად უყრიან.
თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის ომის ვეტერანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, როდესაც მეგობართან ერთად ეკლესიაში მიდიოდა. გინტური მოკლეს და საქართველოს მეორე მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ჩვენ რეზოლუციაში დავასახელეთ სხვა მსხვერპლთა სახელებიც.
ჩვენი მიზანია, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც უდანაშაულო ადამიანების, ამ ქვეყნის პატრიოტების წინააღმდეგ ჩადენილ ამ და მსგავსი სახის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარები მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, ასევე, უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახს, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას, მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა დასჯას და პასუხისგებაში მიცემას.