ანა დოლიძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გადაგდება მოიტანს მძიმე რეპუტაციულ დარტყმას ხელისუფლების და ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ
ათამდე ძირეული ცვლილების ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ერთი ან ორი რეკომენდაცია, რაც დემოკრატიულობას ვერ შესძენს პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნებოდა სრულიად ფორმალისტური დამოკიდებულება ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოს მიმართ. ათამდე ძირეული ცვლილებისგან განსხვავებით, თავმჯდომარე აპირებს, გაითვალისწინოს ერთი ან ორი. ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიულობას ვერ შესძენს ამ პროცესს, რომელიც წარიმართება. ეს მოიტანს ძალიან ცუდ შედეგს და ჩვენი სახელმწიფოს უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას. ვენეციის კომისია არის ჩვენი სერიოზული საერთაშორისო პარტნიორი ორგანო. მის მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულება, მისი დაჩქარება ჯერ და მისი რეკომენდაციების გვერდზე გადაგდება მოიტანს მძიმე რეპუტაციულ დარტყმას ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს დღეს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.