ანა დოლიძე - ვენეციის კომისიამ ძალიან საღად აღიქვა სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოში შექმნილი სიტუაცია
გაბედოს კობახიძემ და დააიგნოროს ვენეციის კომისია, ეს უკვე თავისი პრობლემა იქნება, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დილიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
დოლიძე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, სრულად გაითვალისწინოს, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. მისივე თქმით, დასკვნაში, კარგად ჩანს, რომ კომისიის წევრებმა, საღად აღიქვეს სასამართლო სისტემაში დღეს არსებული ვითარება და იუსტიციის საბჭოს მიმართ უნდობლობა.
„როგორც ჩანს, კომისიამ, როგორც გვეგონა, ძალიან საღად აღიქვა საქართველოში შექმნილი სიტუაცია სასამართლოსთან მიმართებაში. აქ ყოფნის დროს ისინი შეხვდნენ უამრავ ჯგუფს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეხვდნენ მმართველ გუნდს, შეისწავლეს უამრავი დოკუმენტაცია. მათ შეექმნათ ძალიან ადეკვატური წარმოდგენა, როგორი სიტუაციაა სასამართლოსთან მიმართებაში. სხვათა შორის, თვითონ ლევან მურუსიძესაც შეხვდნენ. მათ მიიღეს დაბალანსებული ანგარიშები და ამის შედეგად, ჩამოუყალიბდათ ეს შთაბეჭდილება, რომ უდიდესი უნდობლობა არსებობს და იუსტიციის საბჭოს გაფუჭებული აქვს რეპუტაცია”, განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის კომპლექსური და საკმაოდ დეტალური.
„იქ არის მითითებული, რომ ეს არის ძალიან უცნაური ისტორიული ვითარება, როდესაც ხელისუფლებამ ამხელა დონეზე უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული და ფაქიზი დამოკიდებულება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მითითება მომეწონა კომისიის, რომ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს სამართლიანობის განცდა. ანუ, აქ არ არის საუბარი მხოლოდ მშრალ კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზე და ეს ძალიან მომწონს. ეს მითითება არის სწორედ ჩვენს კონტექსტში”, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა.
ანა დოლიძის თქმით, ის მოითხოვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
„თუ დააპირებენ, ისევ იგნორირება მოახდინონ, როგორც გააკეთეს კონსტიტუციასთან მიმართებაში, გარისკონ. ეს თავიანთი საქმეა. ფაქტია, რომ რაც ჩვენ გვჭირდებოდა ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, მივიღეთ და აბა, გაბედოს კობახიძემ და დააიგნოროს ვენეციის კომისია. ეს უკვე თავისი პრობლემა იქნება”, – აცხადებს ანა დოლიძე.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები დღეს გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.