ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატს სასამართლოს გზით დავიცავ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე მისი აცილება სასამართლო სისტემის შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო მოითხოვეს. დოლიძე განმარტავს, რომ მისი შეფასებები მიემართებოდა არა კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ – ზოგადად სისტემას.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, მისი აცილების მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან რევანშისტული ნაბიჯია.
მისი თქმით, აპირებს საკუთარი უფლებები სასამართლოში დაიცვას. ამ საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართა და პირველი სხდომა დღეს გაიმართება.
„რეალურად, აცილებას საბჭოს წევრები ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ჩემს დასასჯელად იყენებენ. აცილებების დასაბუთება სრულიად მიუღებელია. როდესაც საბჭოს წევრი აკეთებს საჯარო, კრიტიკულ განცხადებებს სასამართლოსთან მიმართებით ეს ჩვენი უფლება კი არა, მოვალეობაც არის. უბრალოდ ეს აცილებების კასკადი არის საბჭოს რევანში ჩემს საქმიანობასთან მიმართებით და რაღაცნაირი წნეხი, რომ მოვრჩე ჩემი გამოხატვის უფლების განხორციელებას. ბუნებრივია, მე ამ უფლებას დავიცავ, მე საბჭოს წევრის მანდატის დაცვასაც ვაპირებ სწორედ სასამართლოს მეშვეობით.
მნიშვნელოვანია, რომ ჩემი განცხადებები იყო და არის მიმართული ზოგადად სისტემის მიმართ. არც ერთ შემთხვევაში ამ კონკრეტული მომსამართლეების მიმართ მე არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია, რაც იქნებოდა მიკერძოება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება მოსამართლე მერაბ ლომიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა რევაზ ნადარაიამ მოითხოვეს.