ანა დოლიძე - სასამართლოს ინტერესშია, რომ გამოცდები ისეთმა ორგანომ ჩაატაროს, რომლის კომპეტენციაში ეჭვი არავის შეეპარება
ვფიქრობ, თავად სასამართლო ხელისუფლების ინტერესშია, რომ გამოცდები ჩაატაროს ისეთმა ორგანომ, რომლის კომპეტენციაში, ექსპერტიზაში და დამოუკიდებლობაში საქართველოში ეჭვი არავის შეეპარება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებას, რომ მოსამართლეებისთვის გამოცდების ჩატარება კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაა და ასეთი ფუნქციის გადატანა, ხელისუფლების სხვა შტოში არასწორი იქნება.
ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების მიერ გამოცდების ჩაბარება გამოცდების ეროვნულ ცენტრში ობიექტურობასთან დაკავშირებით წარსულში არსებულ კითხვებს მოხსნის.
„თუ იუსტიციის სააბჭოს ეჭვი ეპარებოდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიუკერძოებლობაში, მაშინ რით აიხსენება ის ძალიან ინტენსიური კონსულტაციები, ტრეინინგები, რეკომენდაციები, რომელსაც საბჭო იღებს გამოცდების პროცესში გამოცდების ეროვნული ცენტრისგან. თავად საბჭო აღიარებს ამ რეკომენდაციებით გამოცდების ეროვნული ცენტრის უდავო კომპეტენციას და ავტორიტეტს გამოცდების ჩატარების სივრცეში. გამოცდების ადმინისტრირება ეს არის ტექნიკური პროცესი, თუმცა სწორედ ამ ტექნიკურ პროცესთან მიმართებაში რომ გამოცდები ტარდებოდეს საბჭოს მიერ, ისტორიულად ისმოდა კითხვის ნიშნები და გამოითქვა ეჭვი, რომ გამოცდა ობიექტურად არ ჩატარდა. ვფიქრობ, თავად სასამართლო ხელისუფლების ინტერესშია, რომ გამოცდები ჩაატაროს ისეთმა ორგანომ, რომლის კომპეტენციაში, ექსპერტიზაში და დამოუკიდებლობაში საქართველოში ეჭვი არავის შეეპარება. ეს წაადგება თავად იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით დააკომპლექტებს სასამართლო ხელისუფლებას“, – განმარტა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღეს ანა დოლიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის სხვა უწყების მიერ ჩატარება შესაძლოა, სასამართლოსთვის საფრთხე იყოს.
ანა დოლიძის განცხადებით, მეტი ნდობისთვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს.