ანა დოლიძე - სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილი, იყოს აქტიურ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერია, ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და გავაგრძელოთ საქმიანობა
„ქართული ოცნების“ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, მანამდეც ბევრ საქმეზე მიგვაჩვია, რომ ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებებს და ჩვენ შემდეგ იგებს ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილი, იყოს აქტიურ პოლიტიკაში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი.
„ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან სამწუხარო დიაგნოზია. სააკაშვილის შემთხვევაშიც კუკუ-დამალობანა, დამასტუკა-დაგასტუკე ჯანსაღი არ არის პოლიტიკური პროცესებისთვის და არც სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. პირველ რიგში, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს შსს-სგან გვაინტერესებს, რა ხდება, რა ვითარებაა. როგორ არის ეს ინდივიდუალური გამოძიებები ამ კუკუ-დამალობანაში. ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი მოვალეობა არ არის, გამოვიძიოთ ვინმეს ადგილსამყოფელი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის. სანდოობა უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჩვენ გვქონდეს რწმენა, რაღაცას რომ იტყვიან, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი, არიან მართლები.
ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ განცხადებებს, რომ სააკაშვილს აქვს გადაწყვეტილი, იყოს აქტიურ პოლიტიკაში. როგორც ჩანს, არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და გავაგრძელოთ საქმიანობა. ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად და ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დღის წესრიგით სიარული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.