ანა დოლიძე - რა მუსიკასაც შეუკვეთავს საპარლამენტო უმრავლესობა, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ახალ რეჟიმს, რომლის მიხედვით დღეში ახლა ორი კანდიდატის მოსმენა ხდება, საქართველოს პარლამენტის დაკვეთას უკავშირებს. ამასთან, მიაჩნია, რომ სწორედ საკანონმდებლო ორგანოს სურვილია, პროცესი სექტემბრამდე გაიწელოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს.
„საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. როდესაც პარლამენტი განწყობილი იყო, რომ ეს სია დაემტკიცებინა აგვისტოში, ჩქარ-ჩქარა, შრომის კანონმდებლობისა და ქალთა უფლებების დარღვევით, ყოველდღე, საბჭო რამდენიმე კანდიდატს იხილავდა. როდესაც ასეთი პოლიტიკური დაკვეთა აღარ არსებობს, ანუ არსებობს ვარაუდი, რომ პარლამენტი არ შეიკრიბება აგვისტოში, იუსტიციის საბჭო გადავიდა მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე და დღეში ორ კანდიდატს განიხილავს. ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭო გასაუბრების რეჟიმთან დაკავშირებითაც არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, მიუთითებს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აქ სხედან, მოსამართლე, უმრავლესობა ასრულებს მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს. რა მუსიკასაც შეუკვეთავს საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები, თუნდაც ისეთ მარტივ საკითხზე, როგორიც არის გასაუბრების გრაფიკი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს ორ კანდიდატს – ქეთევან მესხიშვილსა და ლევან მესხორაძეს მოუსმენენ.