დიმიტრი გვრიტიშვილი - გამორიცხული არ არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს
დიმიტრი გვრიტიშვილი - გამორიცხული არ არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს

გამორიცხული არ არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს, – ამის შესახებ საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, ამის მიზეზი საშვებულებო პერიოდია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საბჭოს წევრებს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ აქვთ.

„ჯერჯერობით მივყვებით ამ გრაფიკს. გამორიცხული არ არის, რომ გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და გაგრძელდეს სექტემბერში, თუმცა ამაზე იუსტიციის საბჭოს წევრებს მყარად გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. ჯერჯერობით ამ კვირის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს გავესაუბროთ 2-2 კანდიდატს. მიზეზი საშვებულებო პერიოდია, იმიტომ, რომ ჩვენ ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებისგან განსხვავებით, თითქოს არ გვეცოდებიან კანდიდატები, დამკვირვებლები და არც საბჭოს აპარატი, შევდივართ ყველას მდგომარეობაში და არ არის გამორიცხული ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ. რადგან შვებულებაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გასაუბრების ეტაპი ხვალ 10:00 საათზე განახლდება. საბჭო ხვალ ორ კანდიდატს ნიკოლოზ მარსაგიშვილსა და ლავრენტი მაღლაკელიძეს გაესაუბრება.