ანა დოლიძე - ნინო ქადაგიძის კანდიდატურის შერჩევით მორიგი წერტილი დაესვა სასამართლოს თავისუფლების იდეას
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურის შერჩევით მორიგი წერტილი დაესვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სასამართლოს თავისუფლების იდეას.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო წნეხის პირობებში გადამალეს შალვა თადუმაძე, რადგან მიხვდნენ, რომ მთლად საჩვენებელი ფიგურა, როგორც პირველი პირი სასამართლოდან, ის არ არის.
„ნინო ქადაგიძე არის ადამიანი, რომელიც 2002 -2012 წლებში მიხეილ ჩინჩალაძის გვერდით მსახურობდა. თქვენ რომ ნახოთ მისი ჩანაწერები გასაუბრებისას, ის ასახელებს მიხეილ ჩინჩალაძეს, როგორც მის კოლეგას, ანუ იმ ძალიან მძიმე პერიოდის დროს, რომელსაც ემსახურებოდა უზენაესი სასამართლოს რეპრესიული მანქანა, ნინო ქადაგიძე იყო ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, სისხლიან ცხრა წელს ვგულისხმობ. ამის შემდეგ ის დაჯილდოვდა და უმალვე პირველივე ტალღაში გადავიდა სააპელაციო სასამართლოში, ხოლო ახლა დაბრუნდა უზენაეს სასამართლოში. ის არის ამ სისტემის მიერ შერჩეული, რომლის განსახიერება არის მურუსიძე, ჩინჩალაძე, ამ სისტემის მიერ გადამოწმებული გამორწმენდილი კადრი. შესაბამისად, გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის ის იქნება არაჩვეულებრივი დასაყრდენი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა.