ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე კონსენსუსის რესურსი არსებობს და პრეზიდენტის გადაწყვეტილება საბოლოო არ ყოფილა
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრეზიდენტის მიერ წარსადგენი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არასამთავრობო სექტორისა და უმრავლესობის მხრიდან განხილული იყო, როგორც გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, იმედი ჰქონდა, რომ მესამე სექტორი უფრო მეტ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას გამოავლენდა.
მისი თქმით, იმ ვითარებაში, რაც ამ პროცესს წინ უძღოდა, ძალიან რთულია ისეთი კანდიდატის პოვნაც კი, რომელიც „გამოცხადებულ სიკვდილზე“ წავა.
„იმედი მქონდა, საზოგადოების სხვადასხვა შტო, მათ შორის, მესამე სექტორი მეტ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას გამოავლენდა. ეს პროცესი არ უნდა გავიგოთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ვინმე კამიკაძეს მოჰკიდებს ხელს და წინასწარ ჩასაგდებ პროცესზე წაიყვანს“, – განაცხაა ანა დოლძემ და აღნიშნა, რომ პირი, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტს წარდგინება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მიაჩნია, რომ კონსენსუსის რესურსი კვლავ არსებობს და ის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება საბოლოო არ ყოფილა.
„რესურსი პირველ რიგში, უმრავლესობის მხრიდან არსებობს, რომელიც ამ პროცესს ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს და სიკვდილის ქრონიკა წინასწარ არ გამოაცხადოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.