ანა ბუჩუკური - მავნებელია ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებს ან ახლა ამის დრო არ არის, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს და ამას ვერავინ მიიწერს
ანა ბუჩუკური - მავნებელია ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებს ან ახლა ამის დრო არ არის, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს და ამას ვერავინ მიიწერს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ვერავინ სხვა, რადგან ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, ამას ვერავინ მიიწერს. „ქართული ოცნება“ ამას ვერ მიიწერს და სხვაც ვერავინ მიიწერს. პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში იბრძვის თავისუფლებისთვის და ევროპული, დასავლური მომავლისთვის; მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც გვაქვს უკვე კანდიდატის სტატუსი, არის ის, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო ლიდერი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებში და, ზოგადად, რეგიონში. იყო ლიდერი, როდესაც საქმე ეხებოდა დემოკრატიულ რეფორმებს უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით; მესამე, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ევროპაში ძალიან კარგად ესმით, რომ ახლა საქართველოს მარტო დატოვება და ევროპის კარის დახურვა ჩვენი ქვეყნის იზოლირებას და რუსეთისთვის საჩუქრის გაკეთებას, საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს და ამას ვერავინ მიიწერს, ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც სხვა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ანა ბუჩუკურის შეფასებით, მავნებელია ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებს ან ახლა ამის დრო არ არის.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციებს – და ზოგიერთი ამას საჯაროდაც არ მალავს, ზოგი ამბობს, თითქოს საქართველო სტატუსს არ იმსახურებს, ან ზოგიერთი ამბობს ახლა არა და შემდეგ, ახლა ამის დრო არ არის და ა.შ. – ყველა ასეთი ადამიანი მავნებელია და ვურჩევთ, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ. მავნებელია ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს ან რომელიც ამბობს, რომ ახლა არა, გადავწიოთ და ა.შ. „ქართული ოცნება“ როგორც მავნებლობს კანდიდატის სტატუსის და ევროინტეგრაციის გზაზე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ. ერთი იდეა აქვთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკური ამბობს, რომ გამოჩნდება, ვინ არიან ეს ოპოზიციონერები. „არასოდეს, მით უმეტეს, საქართველოში, დამალული არაფერია და აუცილებლად გამოჩნდება“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ გუშინ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“. ამასთან, ხათუნა სამნიძემ მედიასთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა პარტნიორებს ურჩევენ, საქართველომ სტატუსი არჩევნების შემდეგ მიიღოს, აზიანებენ მთლიანად ოპოზიციური ფლანგის გზავნილს, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდება.