ანა ბუჩუკური - ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინასთან გზა მოიჭრა, რომ საკითხები სატელეფონო საუბრით მაინც გადაწყდეს
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ამ საკითხებზე საჯარო კომუნიკაციაა ორ სახელმწიფოს შორის. ეს არ არის მორიგი პოლიტიკური საკითხი და მედიისთვის საინტერესო ინტრიგა. იარაღის საკითხი პირდაპირ ეხება თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა უკრაინის საგარეო უწყების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მეგობარ ქვეყანასთან გზა მოიჭრა.
„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ორივე მხარის მიერ ხდება განცხადებების გაკეთება, თან კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ეს განცხადებები არ მომწონს, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემთვის პრიორიტეტული არის და იქნება ეს ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს – სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ იმდენად უღირსი განცხადებები და ვერბალური თავდასხმები იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მეგობარ ქვეყანასთან გზა მოიჭრა, რომ საკითხები სატელეფონო საუბრით მაინც გადაწყდეს“, – განაცხადა ბუჩუკური.