ამსტერდამში წითელი ფარნების კვარტალმა შესაძლოა, იერსახე შეიცვალოს. ამის შესახებ Guardian-ი იუწყება.
ნიდერლანდების დედაქალაქის ახალი მერის ინიციატივით, პროსტიტუციის სფეროში მყოფ ქალებს გაცილებით უსაფრთხო ადგილებში, ანონიმურად მუშაობის უფლება უნდა ჰქონდეთ.
სექსინდუსტრიის წარმომადგენლების ქალაქის ცენტრში არსებული წითელი ფარნების კვარტლიდან გადაყვანა 2019 წლიდან დაიწყება.
ამსტერდამის პირველი ქალი მერის, ფემკ ჰალსემის განცხადებით, ამ ხერხით ისინი აღნიშნულ სფეროში მომუშავე ქალების უფლებებს დაიცავენ. წითელი ფარნების კვარტალში სექსმუშაკები ტურისტების მხრიდან მუდმივი დამცირების ობიექტები ხდებიან. სწორედ ამიტომ, შემდეგი წლიდან მათ ამსტერდამის ისტორიული ცენტრის გარეთ, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყვანა იგეგმება.
„წარმოიდგინეთ სასტუმროს ტიპის შენობა ოთახებით, სადაც დამონტაჟებული იქნება განგაშის ღილაკები, რომელსაც ქალები საჭიროების შემთვევაში გამოიყენებენ. მათ აღარ შეეშინდებათ საკუთარი ფულის დაკარგვის და უცხოელი ტურისტები ფოტოებსაც აღარ გადაუღებენ”, – ასე ახასიათებს ამსტერდამის მერი საკუთარ გადაწყვეტილებას.
Guardian-ის ცნობით, ეს წითელი ფარნების ქუჩის იერსახის შეცვლის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა წინა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
ნიდერლანდებში პროსტიტუცია ლეგალური 2000 წელს გახდა. აღნიშნულ სფეროში მუშაობის უფლება შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ არის შესაძლებელი, თუმცა ქვეყანაში დღემდე ფიქსირდება ტრეფიკინგის და კრიმინალური დაჯგუფებების აქტივობის შემთხვევები. მათი წევრები აღმოსავლეთ ევროპელ ქალებს პროსტიტუციაში ჩართვას ძალის გამოყენებით აიძულებენ.