ამოქმედდა აპლიკაცია, რომელიც სურსათის სააგენტოს მიერ გამოვლენილ ხარვეზებს ასახავს
ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის აპლიკაცია „უვნო“ (uvno) შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში მოქმედი სასურსათო ობიექტების ინსპექტირების შედეგებს 2016 წლიდან დღემდე.
აპლიკაციის მიზანია, სურსათის საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება, რათა მან გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს ობიექტში სურსათის შეძენის თაობაზე. მეორე მხრივ, აპლიკაცია ერთგვარი პლატფორმაა სამოქალაქო მონიტორინგისათვის, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ ერთმანეთისათვის ინფორმაციის გაზიარების ქმედითი ინსტრუმენტი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აპლიკაცია „უვნო“ (uvno) შექმნილია, როგორც „აიოსის“ (IOS), ისე „ანდროიდის“ (Android) ოპერაციული სისტემისათვის და მისი გადმოწერა შესაძლებელია „ეფლ სთორიდან“ (Apple Store) და „გუგლ პლეიდან“ (Google Play). მომხმარებელს აპლიკაციაში მარტივად შეუძლია მოძებნოს მისთვის სასურველი სურსათის ობიექტი დასახელების, მისამართის ან წარმოების ტიპის მიხედვით და გაეცნოს ობიექტის სახელმწიფო კონტროლის შედეგებს. აპლიკაციაში ჩანს, რამდენად იცავს ობიექტი სურსათის უვნებლობის სტანდარტს. შეუსაბამობის შემთხვევაში, აპლიკაციაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ რამდენი კრიტიკული ან არაკრიტიკული შეუსაბამობა იყო დაფიქსირებული კონკრეტულ ობიექტზე. გარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა, აპლიკაცია თავს მოუყრის მომხმარებლის შეფასებებსა და კომენტარებსაც. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თავად შეაფასოს სასურსათო ობიექტი – ასახოს ეს შეფასება ვარსკვლავების მინიჭებით ან დატოვოს კომენტარი კონკრეტული საწარმოს გვერდზე.
„გარდა იმისა, რომ აპლიკაციას საინფორმაციო მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის, ის სამოქალაქო აქტიურობისა და თანამონაწილეობისთვის შექმნილი პლატფორმაა, რათა ჩვენ ყველა ერთად ჩავერთოთ სურსათის უვნებლობის სტანდარტის დამკვიდრებაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობაზე აისახება“, – განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ვაშაკიძემ.