Amnesty International-ის წარმომადგენელი - საქართველოს ვალდებულება აქვს, დაიცვას ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ
Amnesty International-ის წარმომადგენელი - საქართველოს ვალდებულება აქვს, დაიცვას ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ

საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ვალდებულება აქვს დაიცვას ის ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ, – ამის შესახებ  Amnesty International-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა დენის კრივაშეევმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო წლების განმავლობაში რჩებოდა უსაფრთხო ადგილად ადამიანებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო დაცვა ესაჭიროებოდა.

“მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, იქმნებოდა წამებისა და არასამართლიანი სასამართლოს დიდი რისკი, ის არ უნდა დაბრუნებულიყო თურქეთში. აფგან მუხთარლის შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა, რაც ვნახეთ. საქართველო წლების განმავლობაში რჩებოდა უსაფრთხო ადგილად იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდებოდა საერთაშორისო დაცვა, მათ შორის, პოლიტმიგრანტებს აზერბაიჯანიდან, ვინც არასამართლიან სასამართლოს და სხვა სახის შევიწროებას განიცდიან აზერბაიჯანში. ამ ადამიანს ცუდი არაფერი ჩაუდენია, ის უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა დენის კრივაშეევმა.

მისი თქმით, აუცილებელია მუხთარლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს.

“ჩვენ ვითხოვთ ეფექტურ გამოძიებას ამ საქმეზე. მისი გატაცების ირგვლივ, რომელშიც შესაძლოა, საქართველოს მთავრობაც იყო ჩართული, მნიშვნელოვანია, გვქონდეს კითხვები იმაზე, თუ რა მოხდა ზუსტად, ვინ გაიტაცა და როგორ მოხდა ეს საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ორგანიზაციის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმეებიც მოხვდა.