სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა, მათ შორის პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა, საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„თბილისში რამდენიმეკვირიანი დემონსტრაციების შემდეგ, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. მისმა წასვლამ მთელი კაბინეტის დათხოვნა გამოიწვია, ახალი მთავრობის ფორმირება მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი. პროტესტი გამოწვეული იყო მკვლელობის საქმეზე სადავო სასამართლოთი და ასახავდა ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის სისტემა არაეფექტიანია“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე და ამ საქმის გამოძიების გამო გამართული საპროტესტო აქციებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დემონსტრანტები, რომლებიც ზაზა სარალიძეს შეუერთდნენ იმ მოსაზრებით, რომ გამოძიება არაეფექტიანი იყო, მკვლელობაზე ყველა პასუხისმგებელი პირის გასამართლება მოითხოვეს.
„საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ, რომ გასამართლდეს ყველა, ვინც გამოძიებაზე გაუმართლებელი გავლენა მოახდიდა, მათ შორის მაღალჩინოსნები. საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე ჩათვალა გამოძიება არაეფექტიანად. 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა შექმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილი საქმის გადასახედად“, – წერია ანგარიშში.
უფლებადამცველები დოკუმენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც საუბრობენ.
„ორი მოზარდის მკვლელობის გამოძიება ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომელმაც საქართველოში სისხლის სამართლის სისტემასთან დაკავშირებით ფართოდ გამოიწვია შეშფოთება. თბილისში ბოლო დემონსტრაციების კიდევ ერთი მთავარი მონაწილე მალხაზ მაჩალიკაშვილი იყო, 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი მამა. ოფიციალური ანგარიშის თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, როდესაც ის უსაფრთხოების ძალების წევრების მისამართით ყუმბარის სროლას ცდილობდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილი ამ დროს საწოლზე იწვა და მობილური ტელეფონი ეკავა და არა ყუმბარა, და უარყოფს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან ჰქონდა კავშირი. საქართველოს ხელისუფლებამ მისი მკვლელობის გამოძიება ნელა და იძულებით, თუმცა საბოლოოდ მაინც დაიწყო. აღნიშნული მასალის დაწერისას, გამოძიების რამე ხელშესახები შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“, – აღნიშნულია უფლებადამცველების ანგარიშში.
„სისხლის სამართლის არაეფექტიანი გამოძიებები, მათ შორის სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობა, საქართველოში დიდი ხნის პრობლემებია. სახალხო დამცველმა პროკურატურას წარუდგინა 2013-2017 წლებში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის 72 შემთხვევა. იმის მიუხედავად, რომ საქმეების უმრავლესობაზე დაიწყო გამოძიება, სახალხო დამცველს სასამართლო დევნის დაწყების შემთხვევის შესახებ შეტყობინება არ მიუღია“, – წერია Amnesty International-ის ანგარიშში.
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს აფგან მუხთარლის, „ბირჟა მაფიის“, დემურ სტურუას საქმეები.
„საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში პირობას დებდა, რომ შექმნიდან პოლიციისა და სხვა სახელმწიფო მოხელის მხრიდან ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებელი დამოუკიდებელ მექანიზმს. თუმცა მხოლოდ წელს, პირველი დაპირებიდან შვიდი წლის შემდეგ, პარლამენტს განსახილველად წარუდგინეს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტი ფართოდ გააკრიტიკეს. ინიციირებული სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის დამოუკიდებლობა სერიოზულად სადავოა, რადგან პროკურატურამ „საზედამხედველო როლი“ უნდა შეინარჩუნოს. არსებობს ასევე საფრთხე, რომ ახალი სააგენტო იმუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისთან ერთობლივად და შედეგად არ იქნება არც ეფექტიანი და არც დამოუკიდებელი“, – ნათქვამია ანგარიშში.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო მოხელის მხრიდან ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებელი ნამდვილად დამოუკიდებელ მექანიზმი გადავადების გარეშე შეიქმნას.
„იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მოთხოვნებს, მექანიზმი უნდა შეესაბამებოდეს დამოუკიდებლობის, ადეკვატურობის, ოპერატიულობის, საზოგადოებრივი კონტროლისა და მსხვერპლთა ჩართულობის ხუთ პრინციპს და არ უნდა ჰქონდეს იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირები პოლიციასთან ან მთავრობასთან. შესაბამისად, ასეთი სააგენტოს შექმნისკენ მიმართული ახალი კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს ყველა აუცილებელ დებულებას, მათ შორის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას (მათ შორის პროკურატურისგან).
საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას და სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების მიუკერძოებელი გამოძიება. საქართველოს ახალმა მთავრობამ ასევე უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემაში ნდობის დეფიციტზე ფართოდ რეაგირებისთვის.
ასეთმა ნაბიჯებმა უნდა გააძლიეროს სისხლის სამართლის სისტემაში არსებული სააგენტოებში ყველა გამომძიებლის მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ერთიანობა და დაეხმაროს მათ, განავითარონ ეფექტიანი გამოძიებისთვის შესაბამისი უნარები. და ბოლოს, ახალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ჩატარდეს დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობების მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.