„ამნესთი ინთერნეიშენალი“ ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
„ამნესთი ინთერნეიშენალი“ (Amnesty International) ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში 155 ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარებაა მიმოხილული.
საქართველოს ნაწილში საუბარია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, კონკრეტული საქმეების სასამართლო განხილვებზე, ქალთა და ლგბტ პირთა უფლებებზე; ასევე, ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები.
„გამოხატვის თავისუფლება იზღუდებოდა. სამართალდამცავი უწყებები გაუმართლებლად იყენებდნენ გადაჭარბებულ ძალას მშვიდობიანი დემონსტრაციების დასაშლელად. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა გრძელდებოდა. პოლიციამ ვერ შეძლო, სათანადოდ უზრუნველეყო „პრაიდის“ ღონისძიებების უსაფრთხოება. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად რჩებოდა. კვლავ ვრცელდებოდა ცნობები სეპარატისტულ რეგიონებში მოქალაქეთა თვითნებური დაკავებების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე.
„მმართველი პარტია აგრძელებდა ძალაუფლების გამყარებას და თავისუფლებების შეზღუდვას და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას სხვადასხვა ქმედებით ცდილობდა, მათ შორის, რუსული „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მსგავსი კანონმდებლობის შემოღების გზით.
საქართველოში ღრმავდებოდა პოლიტიკური დაპირისპირება და ძლიერდებოდა სახალხო პროტესტი, რადგან მზარდი კავშირები რუსეთთან და ანტიდასავლური რიტორიკის მატება სულ უფრო მეტ ეჭვს აჩენდა ევროკავშირის წევრობისადმი ქვეყნის ხელისუფლების ერთგულების თაობაზე. ნოემბერში ევროკომისიამ, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო მხარდაჭერაზე დაყრდნობით, გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ოღონდ გარკვეული პირობებით, რომელთა შორისაც პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება იყო. ეს სტატუსი ქვეყანამ დეკემბერში მიიღო.
რუსეთიდან მიგრაცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო, კვლავ ხელს უწყობდა ინფლაციის ზრდას, ცხოვრების გაძვირებას და ეკონომიკურ უთანასწორობას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებზე.
„გრძელდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით არის დაკავებული. 6 თებერვალს სასამართლომ უარი თქვა ჰუმანიტარული მოსაზრებებით მის გათავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობა მწვავედ გაუარესდა და ის, სავარაუდოდ, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებდა.
23 ივნისს პრეზიდენტმა ოპოზიციური სატელევიზიო არხი „მთავარის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. მას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უსაფუძვლო ბრალდებით. ერთი კვირით ადრე უზენაესმა სასამართლომ გვარამიას აპელაციაზე უარი უთხრა“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც.
„იზღუდებოდა გადაადგილების თავისუფლება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს შორის. კვლავ ვრცელდებოდა ცნობები სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან მოქალაქეების მკვლელობების, უკანონო დაკავებებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ.
6 ნოემბერს რუსეთის სამხედროებმა ერთი ადამიანი მოკლეს, მეორე კი დააპატიმრეს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ეკლესიაში მივიდნენ.
გავრცელებული ცნობებით, გალის მკვიდრი ეთნიკური ქართველის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა, რომელსაც ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი აფხაზეთის დროშის დაწვის გამო, კრიტიკულ დონემდე გაუარესდა ქრონიკული დაავადებებისა და ციხეში სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო. სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ თვითნებურად დაკავებული, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი პატიმრობაში, მძიმე პირობებში რჩებოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.