ამხანაგობა „ატენი 19-ის“ წევრები ატენის ქუჩის მცხოვრებლებსა და ადვოკატს მერიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
ამხანაგობა „ატენი 19-ის“ წევრები მსახიობ თათული დოლიძის ადვოკატს, დიმიტრი გაბუნიასა და ატენის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილს სასამართლოზე და მერიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამხანაგობის წევრებმა დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროსთან დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 40 ოჯახი მშენებარე კორპუსის აშენებას ატენის ქუჩაზე უკვე 11 წელია ელოდება. მათი თქმით, თათული დოლიძისა და ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი, გაუგებარია.
აქციის მონაწილეების თქმით, ადვოკატი გაბუნია მიზანმიმართულ ზეწოლას ახორციელებს სასამართლოზე და მერიაზე, რის გამოც 350 ადამიანი დღემდე ქუჩაში რჩება. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ატენის ქუჩაზე რეალურად 16 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს და არა 27 სართულიანი.
რაც შეეხება ატენის ქუჩის მოსახლეობას, ჯერჯერობით ამხანაგობის წევრებისთვის არ უპასუხიათ. ასევე, დღეს 17:00 საათზე, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილეს უნდა შეხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ატენის ქუჩის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. პარალელურად, ის ადამიანები, რომლებსაც მშენებარე კორპუსში ბინები აქვთ შეძენილი, ამავე მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.
ასევე, მერიაში დაწყებულია ატენის ქუჩაზე მშენებარე 27-სართულიან კორპუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვაც.