ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებლის ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილეს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს. ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, საიუბილეო საღამო 25 მარტს გაიმართება.
რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელიც ქართველი მსახიობის 54-წლიან სასცენო მოღვაწეობას ასახავს, ასევე დაგეგმილია შალიკაშვილის ცხოვრებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული წიგნის პრეზენტაცია.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე კი სპეციალურად ამ საიუბილეო თარიღისთვის, ნაჩვენები იქნება ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმული ბოლო სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი”.
ამირან შალიკაშვილი რამდენიმე თვის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამირან შალიკაშვილს მიღებული აქვს ჯილდოები: ღირსების ორდენი, პრემია “საუკეთესო რეჟისორი პლასტიკაში“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია და საქართველოს კომკავშირის პრემია.