ამირან სალუქვაძე - ორ საუკუნეზე მეტია, ვიცნობთ რუსეთს, ყველანაირად შევიცანით, ცხადია, აწყობთ პოლიტიკური დაპირისპირებები
კრემლმა, პუტინმა, მისმა სპეცსამსახურებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება, მათ შორის, როცა იქიდან საქებარი სიტყვები ისმის, აქ იწვევს რეაქციას, – ასე უპასუხა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა მიზნით მიიღო პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება და რით აიხსნება აღნიშნული გადაწყვეტილება.
„რამდენი თვეა, აანონსებენ ვიზების გაუქმებას, ეს განცხადებები ხომ მოვისმინეთ? ამას ხომ უნდა დავაკვირდეთ? ტესტავენ პირდაპირ. პირველი განცხადება გაკეთდა, ვფიქრობთო. ხან ერთი თანამდებობის პირი გამოდის, ხან მეორე, ხან დუმის დეპუტატი, ხან ლავროვის მოადგილე და აქ იწყება ჟრიამული. ისინი მონიტორინგს აკეთებენ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აბსოლუტურად ყველა ქვეყნის და, რა თქმა უნდა, იქ ეს შეფასებები კეთდება მათი ანალიტიკოსების მხრიდან, რომ ეს და ეს კარგია, დუღილს იწვევს და ა.შ. სხვა მაგალითიც ბევრია. მაგალითად, საოკუპაციო ზოლი რომ გაჰყავთ, თავიდან ბოლომდე 200 კმ-ია. ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვარი მეტია, მაგრამ იქიდან ხომ რუსეთი ესაზღვრება და არის მთაგორიანი ადგილები, სადაც, უბრალოდ, ვერ გაიყვან, ვერ მიუდგები, ხოლო სადაც კი საზღვრის გაყვანა შეიძლება, ჯამში, 200 კმ-იც არ არის და რამდენი წელია, გაჰყავთ. გაიყვანენ 100 მეტრს, ორასს, ჩვენთან ატყდება ერთი ამბავი, ერთმანეთს ვჭამთ და მერე დაავიწყდებათ ერთი ნახევარი წლით ან ერთი წლით. აი, როდის იყვნენ ბოლოს გამოსული? ხომ არ დაუმთავრებიათ ღობის გავლება? არ დაუმთავრებიათ, გაახსენდებათ გაისად, გამოვა ისევ სამი-ოთხი რუსი მესაზღვრე ან მეტი, დაიკავებენ ნიჩბებს, დაიწყებენ საზღვრის გაყვანას და აქ ატყდება ჟრიამული. ანალოგიურად იყო მთელი ამ თვეების განმავლობაში ვიზების თემის წამოწევაც. შეხედეს, რომ კარგად მიდის და აიღო და გადაწყვიტა. ათი და ოცი წელი ხომ არ ვიცნობთ რუსეთს? ორ საუკუნეზე მეტია, ყველანაირად შევიცანით და, ცხადია, აწყობთ პოლიტიკური დაპირისპირებები“, – განაცხადა სალუქვაძემ.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, რუსთაველზე მიმდინარე დუღილს მოჰყვება რიგი ევროდეპუტატების, გონჩარენკოების თუ სხვების ჩართვები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა იქნას მიღებული.
„ეს მოახდენს გავლენას თუ ვერ მოახდენს, ევროპის ლიდერების გადასაწყვეტია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უარყოფითი გადაწყვეტილების რისკებს ზრდის. იყო გარკვეული განცხადებები და მეტს ველოდები. გააჩნია, როდის ჩაცხრება ეს დუღილი“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, აქციაზე ითხოვენ უვიზო მიმოსვლის და ფრენების გაუქმებას მაშინ, როდესაც ჩვენთან ავიამიმოსვლა არ შეწყვეტილა.
„მაინცდამაინც პრინციპულად სურთ, რომ ვინც რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში დაფრინავს, მრუდე მარშრუტით იფრინონ. ეს არის თვითმიზანი? პუტინის გადაწყვეტილებას რატომ ელოდებოდნენ, მანამდე მოეთხოვათ, ერევნის, მინსკის, სტამბულის და ა.შ. გავლით რომ სრულდებოდა რეისები. მანამდე რატომ არ მოითხოვეს, ახლა გაიგეს, რომ ხალხი დაფრინავს? ან მაინცდამაინც საავიაციო მიმოსვლაზეა გართულება? მანქანებით ხომ ჩამოდიან? და რომ ჩამოდიან, რის გამო ჩამოდიან? იმ გაუქმებული უვიზო მიმოსვლით, რომელიც თვითონ მიიღეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა სალუქვაძემ.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები ცალმხრივად გააუქმა, კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას სჭირდებოდა, ტურიზმის განვითარებას და ა.შ., მაგრამ საინტერესოა, თუ ქვეყანას მაშინ სჭირდებოდა ტურიზმის განვითარება, დღეს რატომ არ სჭირდება?
ამასთან, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ასრულებს ყველა საერთაშორისო სანქციას, რომელიც დაწესებულია, მაგრამ თავად არ აწესებს, რაც სწორია, რადგან, მისი თქმით, ამით ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დიდი ნაწილი მოაკლდება, რომელსაც არავინ დააკომპენსირებს.
„მაგალითს გეტყვით, ევროპის ქვეყნები უკრაინას იარაღით როცა ეხმარებიან, მაგალითად, პოლონეთმა მოითხოვა სამი მილიარდის ანაზღაურება. ანუ, რამდენი დოლარის ტექნიკითაც დაეხმარა, იმის ანაზღაურებას ითხოვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ როცა გვთხოვდნენ დახმარებას, ეს აქ რას გამოიწვევდა, სხვა თემაა, ის ნატო-ს ქოლგის ქვეშ არის, მაგრამ ფინანსურ დანაკარგებზეც ანალოგიურად არის. ტურიზმიდან და ვაჭრობიდან რა წილიც მოაკლდება საქართველოს, ამას ვინმე აგვინაზღაურებს? არა“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.