ამირან სალუქვაძე - საქართველო რუსეთთან ფრენებს თუ შეზღუდავდა, ეს სანქციის დაწესებად ჩაითვლებოდა, ხან ამბობთ, არ ვითხოვთ სანქციასო, ხან შეშფოთებას გამოთქვამთ, ფრენებზე სანქცია რატომ არ დაუწესეთო
ამირან სალუქვაძე - საქართველო რუსეთთან ფრენებს თუ შეზღუდავდა, ეს სანქციის დაწესებად ჩაითვლებოდა, ხან ამბობთ, არ ვითხოვთ სანქციასო, ხან შეშფოთებას გამოთქვამთ, ფრენებზე სანქცია რატომ არ დაუწესეთო

ათასჯერ აიხსნა, რომ რუსეთმა საკუთარი შეზღუდვა მოხსნა. თუ ამ ქმედების შემდეგ საქართველო შეზღუდავდა რუსეთთან ფრენებს, ეს ჩაითვლებოდა ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესებად. ხან ამბობთ არ ვითხოვთ სანქციასო, ხან შეშფოთებას გამოთქვამთ, ფრენებზე სანქცია რატომ არ დაუწესეთო, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

სალუქვაძე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის იმ განაცხადებას, სადაც ელჩი აღნიშნავს: „რუსეთთან ფრენების აღდგენა შემაშფოთებელია, რადგან იგი იძლევა არა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმის საშუალებასაც, რომ საქართველო გამოიყენონ ევროპაში გადასასვლელად“.

„ჯერ ერთი, თუ ევროპაში შესვლა უნდათ რუსეთის მოქალაქეებს, სხვა რეისების მეშვეობით უფრო მოკლე გზით შევლენ, მაგალითად, სტამბოლის გავლით, საიდანაც თითქმის ყველა ევროპულ ქალაქშია ფრენა;

მეორე, ევროპა თუ უშვებს რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი აეროპორტის გავლით შევლენ, დუბაის, თბილისის თუ სტამბოლის? ნუ შეუშვებთ და მოიხსნება პრობლემა. რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა ქნან?

მესამე. ათასჯერ აიხსნა, რომ რუსეთმა საკუთარი შეზღუდვა მოხსნა. თუ ამ ქმედების შემდეგ საქართველო შეზღუდავდა რუსეთთან ფრენებს, ეს ჩაითვლებოდა ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესებად. ხან ამბობთ, არ ვითხოვთ სანქციასო, ხან შეშფოთებას გამოთქვამთ, ფრენებზე სანქცია რატომ არ დაუწესეთო“, – წერს ამირან სალუქვაძე.