ამირან სალუქვაძე - მმართველმა გუნდმა კარგად გაიგო საზოგადოების განწყობები მოსამართლეების საკითხზე, მათი გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის სრულად მისაღებია
ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა კარგად გაიგო საზოგადოების განწყობები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პირველ არხს ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ განუცხადა.
ამასთან, მისი შეფასებით, მოსამართლეების საკითხზე ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მისაღებია.
„გადაწყვეტილებები, რაც იყო მიღებული და რაც გაცხადდა, ჩემთვის ამ ეტაპისთვის სრულიად მისაღებია. ჯერ პროცედურები და კრიტერიუმები შემუშავდება. ჩემი აზრით, ეს იქნება საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმი, რათა შეფასდეს ცალკეული მოსამართლის თავსებადობა თანამდებობასთან, რომელზეც იქნებიან წარდგენილი და განსაკუთრებით ეს შეეხება უვადოდ დანიშნულებსა და დასანიშნებს. ამის შემდეგ მოხდება ინდივიდუალურად კონკრეტული პერსონების განხილვა. დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ვარიანტია წარდგენილი სიის თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწვევა. მეორე მხრივ, პროცედურების თანახმად, აუცილებელია, პარლამენტმა წარდგენილი სია განიხილოს.
„არის ვარიანტი, თვითონ საბჭომ გაიწვიოს სია. ჩემი აზრით, ეს ერთი ვარიანტია და მეორე – პროცედურები მოითხოვს, რომ სია, რომელიც საბჭომ წარადგინა, იყოს განხილული, სხვაგვარად წარმოუდგენელია. იმისთვის, რომ არსებული კრიტერიუმებით არ მოხდეს წარდგენილი სიის განხილვა, პარლამენტი იმუშავებს ახალ კრიტერიუმებზე და უკვე ახალი კრიტერიუმებით განიხილავენ. საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, უკეთეს შედეგს მივიღებთ, რომელიც საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება“, – განაცხადა ექსპერტმა.
ამირან სალუქვაძის თქმით, წარდგენილი ათი კანდიდატიდან ყველა მისაღები რომ ყოფილიყო, საზოგადოებაში არ იქნებოდა ასეთი განწყობები და არც პარლამენტში განვითარდებოდა პროცესები, რომელიც ყველამ იხილა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.