ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით გრიპის შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია, დაფიქსირებულია გარდაცვალების ორი შემთხვევა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა ჭარბობს B ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5).
„ჩვენი ლაბორატორიული მონიტორინგით, დაახლოებით სამჯერ მეტია B ტიპის ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამ დროისთვის იყო შარშან. დღევანდელი რიცხვით, სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკჯგუფებში შემავალი 92 000 ადამიანი, ხოლო კერძო სექტორის მიერ დაახლოებით კიდევ 30 000 ადამიანი. სახელმწიფოს აქვს მარაგში ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, დაახლოებით 8 000, რომელიც გამიზნულია რისკჯგუფებზე, პირველ რიგში, ორსულებზე და მაღალი რისკის მქონე ადამიანებზე. გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ სავალდებულო. ის არ შედის სავალდებულო აცრათა ჩამონათვალში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, ის არის მხოლოდ სარეკომენდაციო. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე გრიპის პრევენციისთვის მოსახლეობას ხუთ რეკომენდაციას აძლევს: ჩაიტარონ აცრა, რეგულარულად დაიბანონ ხელები, არ შეეხონ ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს.