ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ტესტების რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება
უახლოეს დღეებში საქართველო რამდენიმე ქვეყნიდან ახალი კორონავირუსის ტესტების ახალ პარტიებს მიიღებს, რითაც ტესტების რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება.
საქართველოში არსებული ტესტების რაოდენობასა და ხარისხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს „ფეისბუქლაივის“ დროს ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ტესტები გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ჩინეთიდან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (ჯანმო).
„ტესტები გვაქვს გერმანული, ყველაზე კარგი წარმოების. პირველი ეს წარმოება, საუკეთესო პრაიმერები „შარიტემ“ გააკეთა, რომელიც არის ევროპაში ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი. ასევე გაგიგიათ დროსტენი, იმ ინსტიტუტის ტესტებია ქვეყანაში, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა პირველივე ეტაპზე მოგვაწოდა სრულიად უსასყიდლოდ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. გვაქვს სამხრეთ კორეის ტესტები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. სამხრეთ კორეა ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა სხვადასხვა ტიპის ტესტის წარმოებაში. გვაქვს ბრიტანული, ამერიკის დაავადებათა ცენტრის ტესტები, გვაქვს ჯანმო-ს მიერ მოწოდებული ტესტები, გვაქვს ჩინეთის მიერ მოწოდებული ტესტები. ჩინეთში არის დაახლოებით 30-40-მდე ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ტესტს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ხვალ ტესტები ჩამოდის ჩინეთიდან, ასევე გერმანიიდან.
„მადლობა ჩვენს საელჩოს ჩინეთში, რომ ძალიან გვეხმარება. ხვალ ერთ-ერთი ჩარტერით ჩამოდის დიდი პარტია ტესტებისა. ახლა, როცა პირდაპირ ეთერში ვართ, გერმანიიდან, ვარშავის ჩარტერით, რომელსაც გადმოყავს ჩვენი თანამემამულეები ევროპიდან, დაახლოებით 15 000-მდე ტესტი ჩამოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის საქართველოში არის 9000-მდე ტესტის მარაგი.
„დილისთვის, როცა ვარშავის ჩარტერი დაჯდება თბილისში, ეს რაოდენობა 21 000-მდე ავა. ხვალ ღამით, როცა ჩინეთის ჩარტერი ჩამოვა, ტესტების რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება. შემდეგ, მაისის დასაწყისამდე არის 100 000 ტესტის გარანტია და უკვე დავიწყეთ მუშაობა შემდგომ 100 ათასზე, რომ მაისსა და ივნისშიც ეს თამასა დავიჭიროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი სთხოვს ყველას, ტესტების საკითხზე სპეკულაციას თავი დაანებონ.
„ძალიან გთხოვთ ყველას, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ, ერთადერთი, დავანებოთ თავი ამ ტესტებით სპეკულაციას, ვითომ ჩვენი ტესტები დაბალი ხარისხის არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.