ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის რვავე ახალი შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული
კორონავირუსის ყველა შემთხვევა არის იმპორტირებული ან იტალიასთან ასოცირებული გადაცემა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ხუთი პაციენტის დაავადების ისტორია დაკავშირებულია საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევასთან.
„დღეს ერთდროულად ყველაზე მეტი დადებითი შემთხვევა გვქონდა – რვა შემთხვევა დაფიქსირდა ლაბორატორიულად და მეცხრე კიდევ განმეორებით, ვიცოდით, რომ იყო დადებითი და ახლაც პოზიტიური იყო. ამ რვა შემთხვევიდან ხუთი არის ერთი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ნომერ მეორე პაციენტთან, რომელიც თებერვალში დადასტურდა და, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ეს ხუთი გახლდათ, ვინც ერთად იმოგზაურეს მაშინ იტალიაში. ამ ადამიანების თვითშეგნება ძალიან მაღალია, ისინი თითქმის 14 დღე გახლდნენ კარანტინში. კლინიკურად მათი მდგომარეობა ნორმალურია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ახლა გამოვლენილ ინფიცირებულთა შორის კიდევ ერთი პაციენტი დაკავშირებულია მეორე იტალიურ კლასტერთან.
რაც შეეხება კიდევ ორ ინფიცირებულს, გამყრელიძის თქმით, ეს შემთხვევებიც იტალიასთან არის კავშირში და აღნიშნული ორი პირი დასავლეთ საქართველოში, სამედიცინო ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან ამ დროისათვის კიდევ 24 ტესტის პასუხს ელოდებიან.
„გვიან ღამემდე კიდევ 24 ნიმუში იტესტება ლუგარის ცენტრში. ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი შიდა გავრცელება არ გვაქვს. ყველა შემთხვევა არის იმპორტირებული, ან იტალიასთან ასოცირებული გადაცემა, ჯერ არ გვაქვს მესამეული და მეოთხეული გადაცემა, ანუ შიდა გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.