ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი კი სამშობიარო სახლის ექთანია
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი კი სამშობიარო სახლის ექთანია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოში გამოვლენილ 44 ახალი შემთხვევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 25 აჭარას უკავშირდება.

„დილის მონაცემებით, საქართველოში გვაქვს 1773 დადასტურებული შემთხვევა, ახალი 44, აქედან შვიდი „დონას კლასტერი“, 12 ბათუმის მთლიანად, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხუთი იმპორტირებული, ორი შემთხვევა ეპიდაფეტქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა, სამი სამედიცინო პერსონალია და ერთი გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან გადმოყვანილი ცხელებით ავადმყოფი. დღევანდელი 44 შემთხვევიდან აჭარას უკავშირდება 25. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელი იმატებს. დღვანდელი მონაცემებით  გვაქვს 9 პროცენტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 100 000 მოსალხეზე, 47.8 პროცენტი.

„25-დან შვიდი არის ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ხუთი ოჯახის წევრი, სამი იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა „ბრაზერსის“ სანიტარი და დღეს, სამწუხაროდ, ათი გვაქვს ბათუმში ჯერჯერობით დაუდგენელი, უცნობი წყარო“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გურიის რეგიონში რვა დადასტურებული შემთხვევა ბათუმში ქორწილის კლასტერს უკავშირდება.

რაც შეეხება ე.წ. „ავერსის“ კლასტერს, გამყრელიძის განმარტებით, რუსთავში 15 დადასტურებული შემთხვევაა. საუბარია თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებზე.

„იქ რამდენჯერმე სერიოზული ტესტირება ჩატარდა“, – დასძინა გამყრელიძემ.