ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში სულ 11 942 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 12 ათასამდე შესაძლო შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან კორონავირუსი ქვეყნის მასშტაბით 496-ს აქვს დადასტურებული.
„რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩვენთან სულ გახლავთ დაახლოებით 12 ათასამდე, 11 942 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირებული. შესაძლოს ჩვენი განსაზღვრებით ვეძახით იმ შემთხვევებს, რომელიც საჭიროებდა შემდგომში ღრმა ეპიდკვლევას და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას. აქედან, დადასტურებელია, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, პისიარ, მოლეკულური ტექნოლოგიით და 496 შემთხვევა იყო დილისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, გუშინ, 24 საათის განმავლობაში 11 ახალი ფაქტი გამოვლინდა და ყველას შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია.
„ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია – ექვსი შემთხვევა უკავშირდებოდა თეთრიწყაროს კლასტერს, სამი ბოლნისის, ერთი სამედიცინო პერსონალი და ერთი ღვანკეთის კლასტერი იყო. ეს კლასტერები ჩამოყალიბდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აქედან ყველაზე დიდი ბოლნისის კლასტერია, სადაც ძალიან დიდი, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ინფიცირებულთა, ასევე კონტაქტირებულთა გამოსაკვლევად.
მოგეხსენებათ, რომ ბოლნისის კლასტერში უკვე მეორედ ჩატარდა მასობრივი თერმოსკრინინგი, ყველა მომატებული სიცხით ავადმყოფი იქნა ღრმად გამოკვლეული. დღეს ამ კლასტერიდან გვყავს 89 ინფიცირებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა უკვე ხუთი ადამიანი, სამწუხაროდ, გვაქვს ამ კლასტერიდან ორი გარდაცვალების შემთხვევა და მკურანლობას გადის 80 პიროვნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე ისაუბრა თეთრიწყაროსთან და ქობულეთთან დაკავშირებულ შემთხვევებზეც.
„ასევე საინტერესო გახლდათ სულ ახალი, რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა ე.წ თეთრიწყაროს კლასტერი, სადაც, სამწუხაროდ, დაინფიცირდენენ ჩვენი კოლეგები და აქ მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა უკვე მესამე დღეა, ასევე ინტენსიური ლაბორატორიული კვლევები. შემდეგი კლასტერი გახლავთ ქობულეთის კლასტერი, სადაც წარმატებით ჩატარდა თერმოსკრინინგი, პისიარ ტექნოლოგიებით კვლევა რამდენიმე ასეულ ადამიანზე, 525 ნიმუში იქნა გამოკვლეული.
ასევე სწრაფი ტესტებით იქნა გამოკვლეული ამ ოთხი სოფლის მოსახლოება. აქაც,თუ არ ვცდები, იდენტიფიცირებულია 34 ადამიანი, ყველა ადამიანს უტარდება შესაბამისი მკურანლობა. მე ვსაუბრობ იმ კლასტერებზე, სადაც ე.წ. ჩაკეტვის ღონისძიებები განხორციელდა. ასეთია ღვანკეთის კლასტერი, რომელიც თერჯოლასთან არის მიბმული და იქაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ამ სოფელში 24 00 მოსახლეა და დღეს დილისთვის სადღაც 1862 ადამინს ჰქონდა თერმოსკრინინგი ჩატარებული, თვითიზოლაციაში 54 ადამიანი იყო გადაყვანილი და ასევე 63 პისიარი და 41 სწრაფი ტესტი იყო ჩატარებული“,- განაცხადა გამყრელიძემ.