ამირან გამყრელიძემ მარნეულში გამართული შეხვედრის მონაწილეებს მიმართა - ძალიან გთხოვთ, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, კარგად ვიქნებით, მაგრამ ჯერ წინ ბევრი რამ გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მარნეულში გამართული შეხვედრის დროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს მიმართა, რომ მოსახლოებას კარგად აუხსნან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება.
როგორც გამყრელიძემ დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, მოსახლეობაში შეიქმნა განწყობა, თითქოს კორონავირუსი უკვე დამარცხებულია, რაც სწორი არ არის.
„ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს. პოლიტიკა უკვე წავიდა იქით, მსუბუქდება შეზღუდვები, რადგან ხალხს მუშაობა უნდა, შემოსავალი სჭირდება და სხვანაირად არ გამოვა. ხალხმა გაიგო, ორშაბათს მანქანები რომ დაუშვეს, თითქოს ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონა. არა, ბატონო. ამიტომ, როგორმე თითოეულ სოფელზე უნდა იყოს მიმაგრებული სოფლის რწმუნებული, რელიგიური ლიდერი და ერთი პირი სამედიცინო განათლების, ვისაც ესმის, ენდობა ხალხი, რომ სოფელში არ გამოგვეპაროს არც ერთი ცხელება, არც ერთი ხველებით და სუნთქვის გართულებით ადამიანი, რათა ისინი სწრაფად იყვნენ გადაყვანილი ცხელების ცენტრში.
ძალიან გთხოვთ, რომ გამობრძანდებით, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. კარგად კი ვიქნებით, მაგრამ ჯერ წინ გვაქვს ბევრი რამ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.