ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისა და ხალხმრავალი შეკრებებისგან
ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შევიკავოთ საერთაშორისო მგზავრობისგან, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ ასევე მოუწოდა მოქალქეებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან.
„იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში ან ევროპის სხვა ქვეყანაში მოგზაურობისგან თავი შევიკავოთ. იმედი მაქვს, ჩვენ, ყველა ერთად მალე დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ისევ ვიმოგზაუროთ. თუმცა, თუ წავედით მაინც, ჩამოსვლის შემდეგ ნუ დავმალავთ, თუ რამე სიმპტომი გვაქვს, განვაცხადოთ ეს საზღვარზევე. ყველას მოვალეობაა, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ ახალი შემთხვევების ალბათობა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს.
„გირჩევთ, ნაკლები იყოს შეკრებები. არ გვინდა დიდი ქორწილები, რაც ვიცით ქართველებმა. ყველა თავყრილობაში არის ინფექციის გადაცემისა და გავრცელების რისკი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.