ამირან გამყრელიძე - ზრდის ტენდენცია არის, მაგრამ ჩვენ ვართ მწვანე ზონაში, გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია
ჩვენ გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგან ზრდის ტენდენცია არის, რომელიც პროგნოზირებადი იყო, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში გვაქვს ახალი შემთხვევების დინამიურად ზრდის ტენდენცია, დღეს, მოგეხსენებათ, 34 ახალი შემთხვევაა, იყო, როცა გვქონდა 38, 25, 24. ანუ ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას და თუ ივნისის პირველ კვირაში გვქონდა 0,7 100 000 მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1,2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5,3, რაც მიანიშნებს იმას, რომ ტენდენცია ზრდის არის. მაგრამ ჩვენი ე.წ. სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შუქნიშნის მიხედვით, ჩვენ ვართ მწვანე ზონაში. ყვითელი, გამაფრთხილებელი ზონა იწყება, როდესაც 100 000 მოსახლეზე გაქვს 10-დან 30-მდე, მერე წითელ ზონაში გადადიხარ 30-ის შემდეგ. ანუ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგან ზრდის ტენდენცია არის, რომელიც პროგნოზირებადი იყო, რამეთუ გამოვიარეთ ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების ძალიან აქტიური სეზონი, განსაკუთრებით აჭარაში და იმიტომაც გვაქვს მომატებული შემთხვევები აჭარაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.