ამირან გამყრელიძე - ზომების შემსუბუქებით ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ, ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება
ამირან გამყრელიძე - ზომების შემსუბუქებით ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ, ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ზომების შემსუბუქება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, ზომების გარკვეული შემსუბუქებით, მოქალაქეებმა არ უნდა იფიქრონ, რომ საქართველომ კორონავირუსული ინფექცია დაამარცხა და შეუძლიათ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.

გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობამ კორონავირულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.

„როგორც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა. დღეს, როდესაც მოხდა გარკვეული შემსუბუქება, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ საქართველოში და ამის შემდეგ, შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში გადავიდეთ.

კარგი ტერმინი დამკვიდრდა, ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება ისე რომ, მისგან მივიღოთ მინიმალურისგან მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ეტაპობრივი“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ხალხს, რომ საქართველოში ზომების შემსუბუქების ექვსი ეტაპი არსებობს.

გამყრელიძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანპოსტის აღდგენის გადაწყვეტილება სწორედ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

„ექვსი ეტაპი არის საქართველოს მთავრობის მიერ გაწერილი, ორ-ორ კვირიანი ინტერვალით. ერთ-ერთ ეტაპზე აღდგება აუცილებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის. ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, ვინც გადავიდა შემსუბუქების ღონისძიებეზე. როგორც გითხარით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ერთ-ერთი იქნება ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მანამდე კარგად უნდა მოვემზადოთ“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ყველაზე მთავარი რეკომენდაცია კვლავ სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვაა.

„მომზადება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა სახელმწიფო, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა დავიცვათ და ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, ეს გახლავთ სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა, ადამიანების არ შეჯგუფება, დიდი თავყრილობების არ გამართვა და ა.შ. მგონი, მოგაწყინეთ თავი, იმდენჯერ ვიმეორებთ ამ სიტყვებს, მაგრამ უნდა გავიმეოროთ, უნდა ვთქვათ, რათა სოციალური დისტანცირებაზე მძლავრი იარაღი კოვიდთან ბრძოლაში არ არის.

აღდგება, მაგრამ როდის, ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდსიტუაციის შეფასებიდან, შესაბამის რეკომენდაციას მისცემს საკოორდინაციო საბჭოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.