ამირან გამყრელიძე - ზოგიერთ ქვეყანაში ღონისძიებების შემსუბუქების პერიოდში შემთხვევების კვლავ ზრდა აღინიშნა, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მართალია, ბოლო დღეებში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.
მისივე განმარტებით, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, შემსუბუქების ღონისძიებები დაიწყო, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შემსუბუქების პერიოდში შემთხვევების ისევ ზრდა აღინიშნა.
აქედან გამომდინარე, გამყრელიძის თქმით, ზომების შემსუბუქების პერიოდში სიფრთხილეა საჭირო.
„ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა აქტიურ შემთხვევებს. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ აქტიური შემთხვევა გახლავთ ის შემთხვევები, რომლებიც იმყოფებიან ჰოსპიტალში ან ამბულატორიულად და ასეთი დღეს გახლავთ 264, რომლებიც მკურნალობენ. როგორც გითხარით, გამოჯანმრთელდა 372. მათ შორის გუშინ 16. ესეც ნიშანდობლივი და საიმედო ინდიკატორია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ინფიცირებულთა რიცხვს, რაც გარკვეული ინდიკატორია იმის, რომ დამშვიდებისკენ მივდივართ. როდესაც ვამბობთ დამშვიდებისკენ, ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. ყველა ის რეკომენდაცია, ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყანაში, აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან თქვენ ალბათ პრესიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ შემსუბუქების პერიოდში ( ჩვენს ქვეყანაში შემსუბუქების პერიოდი უკვე დაწყებულია 27 აპრილიდან, ეს დაიწყო თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში) ზოგიერთ ქვეყანაში შემსუბუქების პერიოდში უკვე აღინიშნა ისევ და ისევ ზრდა.
ეს აღინიშნა სამხრეთ კორეაში, გერმანიაში. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემსუბუქების პერიოდში, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი მოსახლეობას მოუწოდებს და პირველ რიგში, ყველაზე მთავარი ჩვენი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლაში არის სოციალური დისტანცირება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. სამწუხაროდ, გვაქვს 11 ლეტალური გამოსავალი, 1,70 პროცენტი გახლავთ სიკვდილიანობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში თანდათან გაფართოვდა „პისიარ“ ტესტირება და დღევანდელი რიცხვით, 33 ათასამდე ადამიანის „პისიარ“ კვლევაა ჩატარებული.
„ბოლო 10 დღის განმავლობაში სადღაც ჩვენ 1000-1500 საშუალო ყოველდღიური ტესტირების მაჩვენებელი გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, ასევე საიმედო ინდიკატორია გვაქვს, რომ გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ეს არაპირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ ინფექცია მთლიანად საზოგადოებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ტრიალებს დიდი ინტენსიობით, მაგრამ ეს არ გვაძლევს არავითარი დამშვიდების უფლებას, რადგან ინფექცია ჯერჯერობით არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.