ამირან გამყრელიძე - ყველამ მოვახერხეთ, რომ ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და არ გახდა ციცაბო
ყველამ მოვახერხეთ, რომ ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და არ გახდა ციცაბო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის.
„დავიწყებ მადლობით საქართველოს მოსახლეობისადმი, მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მთლიანად, მედპერსონალის სახელით ყველას, ვინც გაითვალისწინა და ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რასაც დღეს საქართველოს სახელმწიფო, სამედიცინო სექტორი იძლევა ჩვენი მოსახლეობისადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსის გავლებაზე მსოფლიოში.
„მოგეხსენებათ, უკვე სამ თვეზე მეტია, რაც ჩვენ ვართ ბრძოლაში გლობალურ გამოწვევასთან, რასაც COVID-19 ჰქვია, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ბევრ ქვეყანას, უკვე 210 ქვეყანას.
მოგეხსენებათ, 2,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირებული და დაახლოებით 6,8 პროცენტამდე ავიდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გლობალურად. იცით, რომ ძალიან დაზიანებულია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი დიდი ქვეყნები და თვითონ ჩინეთი, საიდანაც დაიწყო ეპიდაფეთქება მსოფლიოში, დღეს ჩამოვიდა მერვე ადგილზე თავისი გავრცელების მაჩვენებლით. საქართველომ, ჩვენმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პროფესიონალებმა – მხედველობაში მყავს ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია მესაზღვრიდან და მებაჟიდან დაწყებული, მძღოლამდე, ვისაც დღეს გადაჰყავს პერსონალი, ყველამ მოვახერხეთ ის, რომ ერთად დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი; ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გახლავთ გლუვი და ის არ გახდა ციცაბო.
წინა კვირაში გახსოვთ, გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ უმრავლესობამ დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო იძლეოდა მოსახლეობის მიმართ და ასევე, ვიძლეოდით ჩვენ, ექიმები, მოვახერხეთ ის, რომ დღეს ისევ ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ყოველდღიურ 10 ახალ შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.