ამირან გამყრელიძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, ჯერ საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ეს თქვენი გვერდზე დგომით, ახლა უფრო მეტი გვერდზე დგომაა საჭირო
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, ჯერ საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ეს თქვენი გვერდზე დგომით, ახლა უფრო მეტი გვერდზე დგომაა საჭირო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის სერიოზული შიდა გავრცელების პროცესია დაწყებული.
„დღეს ეტაპია ამ გრძელი, უკვე სამთვიანი დაუღალავი მუშაობის, მთელი ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოსი, ყველა სტრუქტურის, რომ ამ დრომდე, ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იმისთვის იყო, რომ ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მომზადებულიყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის ეპიდემოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული უკვე შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა იმ ღონისძიებას, მითითებას თუ რეკომენდაციას, რასაც იძლევა საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და საქართველოში თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანი.
დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ერთადერთი იარაღია, არ არსებობს ჯერჯერობით ვაქცინა და არ იქნება ის კიდევ დაახლოებით წლის ბოლომდე, არ არსებობს მისი ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს, ექიმებსა და მეცნიერებს დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პრეპარატი იქნება, მაგრამ ალბათ, შემოდგომის მეორე ნახევარში. მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ არ იყოს დიდი, ფართომასშტაბიანი ეპიდემია საქართველოში, ის რაც დღეს არის მთელ მსოფლიოში.
უკვე ორ მილიონზე მეტი დაინფიცირებულია, სამწუხაროდ 135 ათასზე მეტი გარდაცვლილი ადამიანი. სიკვდილიანობის პროცენტი მომატებულია ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ამერიკა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ეს ქვეყნები ბევრად ძლიერი არიან ეკონომიკურად ვიდრე ჩვენ, ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემები აქვთ, ეს არ არის დასამალი, ვიდრე ჩვენ.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ შევიდეთ ამ სპირალში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიისა. ჯერჯერობით საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ეს თქვენი გვერდზე დგომით, მაგრამ ახლა უფრო მეტი გვერდზე დგომაა საჭირო“, – განაცხადა ამირან გამყრელიემ.