ამირან გამყრელიძე - ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, აქვს ღონისძიებების შემსუბუქების გაწერილი გეგმა
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებითა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს მცირედით შემსუბუქდა „კოვიდის“ საწინააღმდეგო, საკარანტინო-შემზღუდავი ღონისძიებები. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულწილად შემამსუბუქებელი ღონისძიებები მთლიანად ევროპაში იწყება და შესაბამისი გეგმა ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც.
„ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში და ზოგადად, ქვეყანაში მანქანებს შიდა გადაადგილების უფლება მიეცათ, ასევე ადამიანებს, რომლებიც გასული იყვნენ ქალაქებიდან დღესასწაულებზე, ორი დღის განმავლობაში შინ დაბრუნებისა და მოძრაობის საშუალება მიეცათ. ეს გასათვალისწინებელი ფაქტია. მოგეხსენებათ, მთლიანად ევროპაში იწყება გარკვეულწილად შემამსუბუქებელი ღონისძიებები, რომელიც ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ყველა ქვეყანას და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც, აქვს შემსუბუქების ღონისძიებების გაწერილი გეგმა, რომელიც გასულ კვირას იქნა წარმოდგენილი და რომელიც დაახლოებით ორ-ნახევარ თვეზე მეტხანს გრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, გეგმა ექვსეტაპიანია და თითოეულ ეტაპს შორს ინტერვალები არის გათვალისწინებული.
„იქვე არის მითითება, რომ შემსუბუქების შემდგომი ეტაპი, შემდგომი ნაბიჯი ყოველთვის გადაიდგმება ზოგადი ეპიდსიტუაციისა და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასების მიხედვით. ამაზე ყოველდღიურად მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.